ივერი მელაშვილი, რომელიც სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობდა და დავით გარეჯის მონასტერში, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე მუშაობდა, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებებს "უაღრესად არაკორექტულს" უწოდებს.
"უაღრესად არაკორექტული და არასწორი განცხადება. ჯერ ერთი, როცა მიმდინარეობს ძიება, ვაცალოთ ძიებას შემდეგ გაკეთდეს კომენტარები. უაპელაციო განცხადებები კეთდება. მე მიკვირს, არ ეშინია მამა ანდრიას, რომ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ აბსოლუტურად გამართლდეს ეს კომისია და ექსპერტთა ჯგუფი და თავად ცილისმწამებლად გამოგვეცხადოს?". - თქვა მელაშვილმა ფორმულასთან.
ივერი მელაშვილის განცხადებით, ამს რჩება განცდა, რომ წინასაარჩევნოდ ასეთი საკითხის წამოწევის უკან "შესაძლოა სხვა ინეტრესები იდგეს".
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ იმ კომისიის მუშაობა, რომელსაც მელაშვილი ხელმძღვანელობდა, "მოღალატეობრივია".
29 სექტემბერს, პროკურატურამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
ასევე, 29 სექტემბერს, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა. არქიმანდრიტს არ უთქვამს, კონკრეტულად რა კითხვები დაუსვეს პროკურატურაში.
პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ის დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას "დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. ექსპრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ხელისუფლება გეგმავს, მას დააბრალოს "ქართული მიწის გაყიდვა".
საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.
გადაუწყვეტრჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.
1921 წელს, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო.
საზღვრის დადგენაზე წლებია, კომისია მუშაობს, სხვადასხვა შემადგენლობით.